logo
ENG



პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

13 იან 202217:13
3 წუთის საკითხავი
clock 940
პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.

"რაც შეეხება მეორე, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს.

ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. 

***

საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით 30 დეკემბერს დაამტკიცა. 

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით". 

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 

რაც შეეხება დისციპლური სახდელებს - არსებულ ჩამონათვალს: საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დაემატება შემდეგი ორი პუნქტი: 

  • იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, "საერთაშორისო სტანდარტია, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური". 


close დახურვა