logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთს აქვს არჩევანი - ან დიალოგში ჩართვა, ან კონფრონტაცია

14 იან 202217:53
3 წუთის საკითხავი
clock 964
სტოლტენბერგი: რუსეთს აქვს არჩევანი - ან დიალოგში ჩართვა, ან კონფრონტაცია

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს არჩევანი აქვს - ან ჩაერთოს დიალოგში, ან კონფლიქტის გზას მიმართოს, რასაც მისთვის მრავალი უარყოფითი შედეგი მოჰყვება. 

DW-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი უკრაინას გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს. 

"რა თქმა უნდა, რუსეთი წყვეტს, რას გააკეთებს. და მათ აქვთ არჩევანი: ​NATO-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან დიალოგში ჩართვასა და კონფრონტაციას შორის. შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ პერსპექტივების შესახებ - თუ რუსეთი არ ჩაერთვება დიალოგში და კიდევ ერთხელ გამოიყენებს სამხედრო ძალას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ამას მრავალი უარყოფითი შედეგი მოჰყვება - მძიმე ეკონომიკური სანქციები. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, უზრუნველვყოფთ უკრაინის გაძლიერებას, რათა მან თავად შეძლოს თავისი თავის დაცვა. NATO-ს მოკავშირეებიც გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გვყავს საკმარისი ძალა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა მათ შეძლონ არა მხოლოდ თავის დაცვა, არამედ აგრესიის შეკავება". - თქვა იენს სტოლტენბერგმა.  

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა და ქვეყანაში შეჭრით იმუქრება. 

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

პასუხად კი რუსეთი თავისი მოთხოვნების შესრულებას ითხოვდა, მათ შორის, NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 


close დახურვა