logo
ENG



ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოლო სასამართლო დავა წააგო, მას ავსტრალიის დატოვება მოუწევს

16 იან 202213:06
3 წუთის საკითხავი
clock 1020
bbc.com

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოლო სასამართლო დავა წააგო, მას ავსტრალიის დატოვება მოუწევს.

ჩოგბურთის ვარსკვლავმა მისთვის ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლეებმა აპელაცია უარყვეს.

ავსტრალიის ხელისუფლებამ ჯოკოვიჩს, ვინც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ამ დრომდე არ აცრილა, ვიზა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზეზით შეუწყვიტა.

ამ გადაწყვეტილებამ ცხადჰყო, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ვერ ითამაშებს და ვერც რეკორდულ 21-ე დიდ სლემს მოიგებს. ჯოკოვიჩმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია, მაგრამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც მათ უარი თქვეს ვიზის გაუქმების შესახებ მინისტრის გადაწყვეტილების გადახედვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვერ დავრჩები ავსტრალიაში და მონაწილეობას ვერ მივიღებ ავსტრალიის ღია ჩემპიონატში“ - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

N1-მა ჩოგანმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც იმიგრაციის მინისტრმა სერბ სპორტსმენს ვიზა გაუუქმა და განმარტა, რომ ჯოკოვიჩის ყოფნა ავსტრალიაში ანტივაქსერული სენტიმენტების გამძლავრების რისკს აჩენდა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა მეორედ გაუუქმდა.

დღეს, 16 იანვარს სერბი ჩოგბურთები სამი მოსამართლის წინაშე წარსდგა. მისმა უფლებადამცველებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება არასამართლებრივად და ალოგიკურად შეაფასეს. თუმცა მთავარი მსაჯულის თქმით, ფედერალურ სასამართლოში ჯოკოვიჩის პროცესის შედეგი იმიგრაციის მინისტრის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა. გადაწყვეტილების შესახებ ვრცელი განმარტება უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სრულდება ჯოკოვიჩის ავსტრალიის ვიზასთან დაკავშირებული ახალი ამბების 10-დღიანი საგა.

***

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს N1 ჩოგანი, რომელიც კორონავირუსზე აცრაზე უარს აცხადებს, მელბურნის აეროპორტში 5 იანვარს დააკავეს და საიმიგრაციო სასტუმროში გადაიყვანეს.  

საქმე ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ქვეყანაში აუცრელობის გამო ვიზის შეჩერებას და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ეხებოდა. 

12 იანვარს კი ჩოგბურთელმა აღიარა, რომ მისი საიმიგრაციო ფორმა შეცდომით იყო შევსებული და დეკემბერში კორონავირუსით განსაზღვრული რეგულაციები დაარღვია. 

ჯოკოვიჩის თქმით, დეკემბერში სპორტული გამოცემა L'equipe-ის ჟურნალისტს ინტერვიუსთვის მას შემდეგ შეხვდა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მან განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა და მიზეზად მის გარშემო გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გაქარწყლება დაასახელა.

ჯოკოვიჩმა ასევე აღიარა, რომ მან ავსტრალიაში შესვლამდე მოგზაურობის შესახებ ფორმაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა.

ჯოკოვიჩის თქმით, მისმა წარმომადგენელმა შეცდომა ფორმის იმ ნაწილში დაუშვა, რომელიც მისი მოგზაურობის ისტორიას ეხებოდა. 

მითითებული ინფორმაციის თანახმად, ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლამდე 14 დღით ადრე არ უმოგზაურია. თუმცა უახლესი ანგარიშების მიხედვით ავსტრალიამდე ის ჯერ სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იმყოფებოდა.


close დახურვა