logo
ENG

ბეჟაშვილი: თანამდებობის პირები დამცინავად უგულებელყოფენ დევნილების მოთხოვნებს

16 იან 202219:41
3 წუთის საკითხავი
clock 308
2022/01/16/0jzbyzi7ot0dara.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირები დევნილი მოსახლეობის მოთხოვნებს "დამცინავად" უგულებელყოფს. ბეჟაშვილი სანატორიუმ "ქართლის" განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ერთ-ერთი დევნილი პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

"სახელმწიფომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასცინა, ღირსება შეულახა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ერთ-ერთ თანამოქალაქეს. მივედით იმ ტრაგედიამდე, რომელიც დღეს ჩვენ ყველამ თვალნათლივ ვიხილეთ. დღეს ჩვენ გვრჩება ის, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა მოითხოვოს, უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, ვისაც ამ ტრაგედიის თავიდან აცილება ევალებოდათ და არაფერი გააკეთეს", - ამბობს ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დევნილების მდგომარეობაზე. ასევე, ის მოითხოვს, რომ პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება დაიწყოს და კონკრეტული თანამდებობის პირები "გამოააშკარაოს".

დღეს, 16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა