logo
ENG



მინისტრი თვითმკვლელობაზე: უბედური შემთხვევაა, ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან

17 იან 202212:32
3 წუთის საკითხავი
clock 1162

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ აქციის დროს დევნილის შენობიდან გადმოხტომა "უბედური შემთხვევაა" და ამას კავშირი არ აქვს საპროტესტო აქციასთან. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, დაელოდონ გამოძიებას.

"მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

რაც შეეხება სანატორიუმ "ქართლში" დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო 3 წლის განმავლობაში - 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს.

პირველადი ინფორმაციით, ესაა უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიებას, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან", - განაცხადა აზარაშვილმა.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა