logo
ENG



აზარაშვილი: სოც. აგენტების ხელფასი, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, არის ადეკვატური

17 იან 202213:11
3 წუთის საკითხავი
 
აზარაშვილი: სოც. აგენტების ხელფასი, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, არის ადეკვატური

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სოციალური აგენტების უკვე გაზრდილი ხელფასი მათი ფუნქციებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, ადეკვატურია. 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აზარაშვილმა სოციალური აგენტების გაფიცვის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა - სოციალური მომსახურების სააგენტოს 300 თანამშრომელი დღეიდან, 17 იანვრიდან სამსახურში არ ცხადდება. 

"სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება და ზოგ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის. ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ისიც ყოველ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გაიზარდა. ჯამურად, შეუძლიათ ფიქსირებულზე 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ  მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და სამუშაო დღიდან გამომდინარე, ხელფასი არის ადეკვატური". - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას, სამგზავრო თანხის გამოყოფასა და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ. სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილნი და სამინისტრო მათ არაფერ ახალს სთავაზობს. 

გაფიცვის წინა დღეს, 16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალური აგენტების და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან 60%-ით გაიზრდება. მათი ამჟამინდელი ხელფასი 200 ლარია. 

სოციალურმა აგენტებმა თქვეს, რომ ჯანდაცვის უწყების წინადადება მათთვის მიუღებელია, რადგან ის ნოემბერში გაკეთებული წინადადების გაუარესებული ვერსიაა. 


close დახურვა