აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი მიიჩნევს, რომ სანატორიუმ "ქართლში" ერთ-ერთი დევნილის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებელია "ბევრი პირი, მათ შორის აჟიოტაჟი, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს".
დავით ფაცაციამ, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დის ქმარია, TV პირველს განუცხადა, რომ სამძიმარზე არ ყოფილა, რადგან იქ არიან "ნაციონალური მოძრაობის პროვოკატორები, რომლებიც დევნილების ინტერესებს იყენებენ".
"ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. პირველ რიგში გავიზიარე დევნილთა პრობლემები და ავედი მათთან, მათი პრობლემების გასაზიარებლად", - ამბობს ფაცაცია.
16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო და შენობამ ნგრევაც დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ სანატორიუმის შენობიდან დევნილების განსახლება დროულად მოხდეს.