ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ მის ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სახელმწიფოსთვის შეთავაზებული გამოსავალია. მიტროპოლიტს მიაჩნია, რომ ინიციატივის წინააღმდეგი ყოფილი პრეზიდენტი არ იქნება.
"მე ვთავაზობ ჩვენს სახელმწიფოს, პირველ რიგში, გამოსავალს ვითარებიდან. მე მგონია, რომ კარგი იქნება, თუ მიიღება ისეთი გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, რომ არ იყოს თავის სახლში, სადაც ის ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს მოეწონება ინიციატივა, ჩამობრძანდებიან, ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ. მე ვიქნები შუამავალი", - განაცხადა სინოდის წევრმა სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების შემდეგ.
19 იანვარს Georgian Times-ის ეთერში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მზადაა სააკაშვილისთვის ეპარქიაში სივრცე გამოყოს, რომელსაც "ხელისუფლება გააკონტროლებს".