logo
ENG



"მოსალოდნელია ჩამორჩენა აკადემიური უნარების განვითარებაში" - ანგარიში ონლაინ სწავლებაზე

20 იან 202211:25
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის განათლების კომიტეტმა თემატური მკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც პანდემიის დროს დისტანციური სწავლების შედეგებია გამოკვლეული.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ სკოლის მოსწავლეებში და განსაკუთრებით დაწყებით კლასებში მოსწავლეებს, აკადემიური უნარების მხრივ, მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვთ. განსაკუთრებული პრობლემა გამოიკვეთა რეგიონებში. ზოგ სოფელში ინტერნეტის პრობლემაა, ან მოსწავლეებს კომპიუტერი საერთოდ არ აქვთ. 

კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ მიღებული ზომების მიუხედავად, მოსწავლეების ნაწილისთვის დისტანციური სწავლა არ იყო ხელმისაწვდომი, ან მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა. 

კვლევაში პანდემიის პოზიტიურ გავლენად სახელდება მასწავლებლების კომპეტენციის გაძლიერება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ამასთან, აღნიშნულია ისიც, რომ ტრენინგების მიუხედავად, მათ მეოთხედს მაინც არ აღმოაჩნდა კომპიუტერის საბაზისო კომპეტენციები. 

სწავლაზე ხელმისაწვდომობა 

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედი ნაწილი აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების მიღმა, ხოლო მოსწავლეთა მეოთხედისთვის სწავლაში ჩართვა შეზღუდული იყო, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში.

ავტორები ამატებენ, რომ შემოდგომის სემესტრში ხელმისაწვდომობის საკითხი, დიდწილად გადაჭრა სკოლების გახსნა-დახურვის სტრატეგიის ლოკალიზებამ. 

"მიუხედავად ოჯახების, სკოლების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული ზომებისა, მოსწავლეების ნაწილისთვის დისტანციური სწავლა არ იყო ხელმისაწვდომი ან აღნიშნულ რეჟიმში სწავლა მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა", - წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ავტორების განცხადებით, ასეთი მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა, მიუხედავად მონაცემების სხვადასხვა წყაროს არსებობისა, დაუზუსტებელია.

სწავლა-სწავლების ხარისხი

მოკვლების ავტორები უთითებენ, რომ წინა წლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მასწავლებლები ჩართულები იყვნენ ტრენინგში, თუმცა მათ მეოთხედს მაინც არ აღმოაჩნდა საბაზისო კომპეტენციები ისტ-ის მიმართულებით.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, შედეგიანი აღმოჩნდა სკოლების ნაწილში არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა და ტრადიცია, მასწავლებლების მხარდაჭერის არაფორმალური არხების გააქტიურება, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების ინტერვენციები.

"თუ ონლაინრეჟიმზე სწავლებისთვის საჭირო ტექნიკური უნარების ათვისებას მასწავლებლებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი, სწავლა-სწავლების დისტანციურ მოდელზე მეთოდოლოგიური მორგება დიდწილად გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

შედეგად, დისტანციურ რეჟიმში საგაკვეთილო ამოცანები არ არის მოდიფიცირებული დისტანციურ ფორმატზე და მასწავლებლები ჩივიან, რომ ვერ ასწრებენ გაკვეთილის მიზნების დაფარვას ლიმიტირებულ დროში, ხოლო მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილები ლექციურ, ტრადიციულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ანალოგიურად, მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეების შეფასების მიდგომებისა და მეთოდების დისტანციურ მოდელზე მორგება. ამ ვითარებაში, განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული რესურსების ნაკლებობა", - წერია ანგარიშში. 

პანდემიის გავლენა სასკოლო საზოგადოებაზე 

მოკვლევის თანახმად, მოსწავლეების განვითარებაზე პანდემიის გავლენა ჯერჯერობით არ შეფასებულა. ავტორების ცნობით, დასკვნები გამოიტანეს მხოლოდ ირიბი ინდიკატორებისა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების საშუალებით. 

  • "დისტანციური სწავლების ხანგრძლივობის, მისი ხარისხისა და მასში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მოსწავლეების აკადემიური უნარების განვითარებაში;
  • ქართული სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, თუმცა სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება;
  • განსაკუთრებული წუხილის საგანს წარმოადგენს მოსწავლეების სოციოემოციური მდგომარეობა, რომელიც, დირექტორების ნაწილის შეფასებით, გამოიხატება ინდიფერენტულობაში, თვითიზოლაციასა და გარიყულობაში;
  • პანდემიის პოზიტიურ გავლენებში სახელდება მასწავლებლების კომპეტენციის გაძლიერება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე დისტანციური სწავლასწავლების ფორმების ადაპტირების დაჩქარება;
  • მასწავლებელთა თანამშრომლობა, მათ შორის, არაფორმალური არხების გამოყენებით, ასევე, კომუნიკაციის ახალი ფორმების დამკვიდრება განსაკუთრებით იმედისმომცემია მშობლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით", - წერია ანგარიშში.

close დახურვა