logo
ENG



კალაძე: შევიძინეთ 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც თებერვლიდან სრულად გაეშვება

20 იან 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock 1060

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დამატებით 1000 ერთეული ლურჯი მიკროავტობუსი სრულად ჩაანაცვლებს ე.წ. ყვითელ მარშუტკებს. კალაძემ დღეს ტრანსპორტის გადახდის სისტემის ცვლილების ფარგლებში, ახალი მიკროავტობუსები წარადგინა. 

"სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, შევიძინეთ 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც დღეიდან ეტაპობრივად გაეშვება და პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში", - თქვა კახა კალაძემ.

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ავტობუსებში მგზავრობა ნაღდი ფულითაც იქნება შესაძლებელი. 

ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში. 

სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.

შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები.

 


close დახურვა