logo
ENG



წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის შემდეგ მასალები გამოძიებას გადაეცემა

23 იან 202211:53
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის მინისტრი, თეა წულუკანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაცია დასრულდება, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წულუკიანმა მუზეუმის ერთ კონკრეტულ თანამშრომელზე, ნინო ხუნდაძეზე ილაპარაკა, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა და რომელიც სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. წულუკიანი სწორედ მას ადანაშაულებს "21 ექსპონატის დაკარგვაში".

"ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ "დიდი", აწ უკვე ჩვენი ყოფილი "პროფესიონალი" თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები". - ამბობს წულუკიანი. 

კითხვაზე, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ, წულუკიანმა თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში ნაციონალური მოძრაობის დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, სულ მცირე, ინვენტარიზაციის ჩატარება ევალებოდა. 

ნინო ხუნდაძეზე ლაპარაკისას თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ მან მუზეუმში მუშაობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს დაიწყო. 

"მეტიც, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ხელმძღვანელობისას ბატონი რურუას კაბინეტის მოსართავად ამ ფონდიდან გათხოვებული ჰქონდა და ფონდიდან გატანილი იყო ფერწერული ტილოები. ქართული ოცნების კულტურის სხვადასხვა მინისტრის, მიშა ბატიაშვილის თუ სხვების დროს ამ ტილოების დაბრუნება დაიწყო და ჩემ დროს დასრულდა. ასევე, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომელსაც ევალებოდა, გამოეთხოვა თავისი ფონდიდან უვადოდ, თუ ვადიანად და ვადადარღვეულად გატანილი ექსპონატები, მაგრამ ის იჯდა და არაფერს აკეთებდა, როგორც დიდი "პროფესიონალი“. - ამბობს წულუკიანი. 

მისივე განცხადებით, ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს საქმეზე, რომელშიც ნინო ხუნდაძე ფიგურირებს. 

"ნაციონალების დროს სწორედ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის გატანილი ფერწერული ნამუშევრები ჩვენს საელჩოში ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება და უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება". - ამბობს წულუკიანი. 

*** 

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.

გარდა მუზეუმის თანამშრომლების დევნისა, თეა წულუკიანი მუზეუმის შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავს - 2021 წლის 22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.  მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.


close დახურვა