ერგნეთში მოსახლეობამ ვაშლის ხეები აჩეხა, მათი თქმით ამის მიზეზი გახდა ის, რომ მთავრობამ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში გათბობის ბუნევრივი აირის ვაუჩერები არ დაარიგა. ასევე, მოსახლეობა ვაშლის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახდენს და მათ გადაწყვიტეს ხეები გასათბობად მაინც გამოიყენონ.
"გუშინ ნახევარი რომ გავჩეხე, სამი დღე წნევები მქონდა, ხალხი ვერ ყიდულობს ვაშლს, იმიტომ რომ ფული არ აქვს, სიდუხჭირეა, ქვეყანა გააღატაკეს. მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ ხილი იყიდოს. წელს გადაყარეს ხალხი, შარშან დეკემბერში უკვე იყო დარიცხული [ბუნებრივი აირის ვაუჩერი]. წელს ველოდეთ, იქნებ მაინც დაირიცხოს და ერთი თვე მაინც თავს გაგვატანინებდა, თან ეს ყინვები დაიჭირა საშინელი და იძულებული გავხდი გამეჩეხა" – ამბობს ერგნეთის მცხოვრები ვეფხია კასრაძე.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ არანაირი ვაუჩერი არ მიუღიათ და ხეხილის ბაღებს ჩეხავენ, რომ გათბნენ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დაივიწყა და სურს მოსახლეობა რუსეთს შეჰყურებდეს ხელებში.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები იმედს იტოვებენ, რომ ხელისუფლება მათ ზამთრის თვეებში განსაზღვრულ ვაუჩერებს დაურიგებს.