ევროკავშირი უკრაინიდან დიპლიმატების ოჯახებს არ გაიყვანს.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელი რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინიდან დიპლომატების ოჯახები უნდა გაიყვანონ.
"ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას. ამის კონკრეტული მიზეზები არ გვაქვს. არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-მ, თუმცა, ენტონი ბლინკენი ინფორმაციას მოგვაწოდებს". - თქვა ბორელმა.
***
უკვე 2 თვეზე მეტია, უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.
თუმცა, აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
აშშ რუსეთს "ჯერ არნახული" სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას განახორციელებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა:
უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ.
12 იანვარს აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი რიაბკოვმა კვლავ რუსეთის მოთხოვნები გაახმოვანა და თქვა, რომ თუ დასავეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება.
პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია მათი მომავალი.
ასევე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება.
ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს.
ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია.