თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის გამგეობას დაავალა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეები სავაჭრო სივრცეებში გადაიყვანონ, რადგან "ფეხით გადაადგილება დისკომფორტია". მერის თქმით, ამ თემაზე "ბევრი უკმაყოფილო მოქალაქის შეტყობინება მიიღეს".
კალაძემ თანამშრომლებს მიმართა, დღესვე დაიწყონ გარემოვაჭრეებთან კომუნიკაცია და მისცენ მათ გონივრული ვადა.
"ბევრი ზარი შემოვიდა, ბევრი შეტყობინება, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია პრობლემაა ფეხით მოსიარულეებისთვის. კერძოდ, თემა ეხება გარემოვაჭრეებს, რომლებსაც დაკავებული აქვთ ტროტუარები და ფეხით გადაადგილება დისკომფორტია.
მინდა ამ პრობლემის მოგვარება. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები, მინდა დავავალო სამგორის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რათა იმ ადამიანებმა ვინც გარევაჭრობითაა დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, გადაინაცვლონ შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სივრცეებში", - განაცხადა მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მანვე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაავალა.