logo
ENG



სამნიძის თქმით, ოცნებასთან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ

26 იან 202214:24
3 წუთის საკითხავი
clock 818
2022/01/26/dvhgqr50da13h38.png

პარლამენტში რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებასთან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ. დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც სამნიძემ ფორმულას ეთერში თქვა, შეხვედრისას გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა.

"ქართული ოცნება არის საკმაოდ ფრთხილი როგორც პროცესში, ასევე თავად ტექსტში. ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა ტიპის ფორმულირებები. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რეზოლუცია იყოს ერთობლივი. შევთანხმდით პრინციპულ საკითხებზე. დილიდან ისმის კითხვები, იქნება თუ არა ნახსენები რუსეთი - იქნება ნახსენები და მისი აგრესიაც ნახსენებია.

ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო და ქართულმა ოცნებამ ეს გაიზიარა, რომ მხარი უნდა დაგვეჭირა ჩვენი პარტნიორისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი არჩევანის ნაწილში. ესეც არის ასახული ტექსტი", - ამბობს სამნიძე.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტი ქართულმა ოცნებამ შეადგინა, რომელზეც ოპოზიციას "პრინციპული შენიშვნები ჰქონდა". როგორც სამნიძე ამბობს, დოკუმენტი დღეს დარეგისტრირდება და მის მიღებას საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე აპირებენ.

"ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ერთად გვემუშავა ტექსტზე. ტექსტი ოპოზიციის მხრიდან გახარიას ჯგუფმა დაარეგისტრირა ჯერ კიდევ დეკემბერში, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და შენიშვნები შესატანი იყო, რა თქმა უნდა. ამიტომაც არსებობდა ვერსიები, მაგრამ ამ პროცესში ქართული ოცნება, რომელსაც შევთავაზეთ, რომ დროული რეაგირებაა საჭირო, ერთობლივი რეზოლუცია გვაქვს მისაღები, გამოეხმაურა ოპოზიციის შეთავაზებას, მოწოდებას, შეხსენებას და დღეს დაგვახვედრა საკუთარი ტექსტ, სადაც გვქონდა საკუთარი პრინციპული შენიშვნები", - აცხადებს სამნიძე.


close დახურვა