logo
ENG



სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ

26 იან 202215:13
3 წუთის საკითხავი
clock 853

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ. 

ისინი სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ. 

აღსანიშნავია, რომ დევნილებს დაურეკეს და სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე შეუთანხმდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მოქალაქეებს მოლაპარაკებები იურისტთან ერთად სურდათ, უწყებამ შეხვედრა ჩაშალა. 

როგორც დევნილები ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტროდან სასტიკი უარი მიიღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად შეხვედრაზეც. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ჩართულია სირენები. 

"პირველ რიგში, სირცხვილი საქართველოს. ამ ხმების ფონზე ჩვენ სოხუმი დავტოვეთ. იმ დროს გვახსენებენ, როცა ტყვიას გავურბოდით და აქ თავშესაფარს ვეძებდით. 29 წლის მერე ისევ აქ ვდგავარ და ისევ მოტყებული. 

გვიან დაგვირეკეს მოლაპარაკებებზე. ვუთხარით, რომ ჩვენგან იქნებოდა 3 წარმომადგენელი და იურისტი ან სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ამაზე საშინელი რეაქცია ქონდათ. ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა. ჩვენ უკვე 30 წელია, მოტყუებულები ვართ სიტყვით და გვინდოდა, სამართლებრივ ჭრილში გვემსჯელა. ამაზე არ წამოვიდნენ და დღეს ისევ მოტყუებულები ვდგავართ. - თქვა ერთ-ერთმა დევნილმა. 

*** 

16 იანვარს, თემქაზე, სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე კაცი შენობიდან გადმოხტა. მან სიცოცხლე პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა. 

მისი დაკრძალვის შემდეგ დევნილებმა პროტესტი განააახლეს. 

სანატორიუმ ქართლის შენობა, სადაც ისინი აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წელია, ცხოვრობენ, ავარიული და სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ  სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ სანატორიუმის შენობიდან დევნილების განსახლება დროულად მოხდეს. 


close დახურვა