logo
ENG



ენმ: გორში პოლიციელებმა ერთმანეთთან დაპირისპირებისას კრიმინალურ ავტორიტეტებს მოუხმეს

26 იან 202216:07
3 წუთის საკითხავი
clock 1480

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 15 იანვარს გორში, რესტორან ჟოზეფში პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა სიტუაციის გასანეიტრალებლად ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები „ჩორნა“ და „გოგლიკა“ გამოიძახეს.

ფორმულას ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე სამართალდამცველები რეგიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელები და მოადგილეები არიან. ისინი ძველით ახალ წელს გორში მდებარე რესტორან ჟოზეფში აღნიშნავდნენ, რომლის მფლობელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი გიორგი კანდელაკია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ილია კვაღინიძე, მისი მოადგილე ლექსო სუხიშვილი, დეტექტივების სამმართველოს უფროსი შალვა ჯინიყაშვილი და საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე დავით მჟავია იღებდნენ. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის შორის მოხდა დაპირისპირება .

ფორმულას ენმ-ის წარმომადგენელი უყვება, რომ დაპირისპირებისას მხარეებმა გამოიძახეს ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები, "გოგლიკა" და "ჩორნა", ვისი შუამავლობითაც მოხდა სიტუაციის განეიტრალება და დაპირისპირებულთა შერიგება.

მომხდარის შესახებ პოლიცია მედიის კითხვებს არ პასუხებს, რესტორნის ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

„რესტორან ჟოზეფში, რომელიც გიორგი კანდელაკს ეკუთვნის, ქართული ოცნების მხარდამჭერსა და დამფინანსებელს, დღესასწაულს აღნიშნავდნენ 15 იანვარს შიდა ქართლის პოლიციის და სუს-ის მაღალჩინოსნები: მჟავია, ჯინიყაშვილი და დანარჩენები. მათ შორის მოხდა კონფლიქტი და რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, [კონფლიქტი] იმდენად გაღრმავდა ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა საქმე და მათ გადაწყვიტეს ერთმანეთთან ურთიერთობის გასარკვევად და შესარიგებლად გამოიძახეს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები ვინმე "ჩორნა" და ვინმე "გოგლიკა"", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა ბალიაშვილი.

ენმ მომხდარის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს და საქმის გამოძიებას სთხოვს.


close დახურვა