logo
ENG



ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცა

26 იან 202222:40
3 წუთის საკითხავი
clock 1789
2022/01/26/hgzg2n64uucsaf4.jpg

ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

წერილი აშშ-ს ელჩმა მოსკოვში ჯონ სალივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვითონ მიიტანა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

"რუსეთზეა დამოკიდებული, როგორი იქნება პასუხი. ჩვენ სიტუაციის ყველანაირი განვითარებისთვის ვართ მზად", - ამბობს ბლინკენი. 

წერილობითი პასუხის გაცემის შესახებ აშშ და რუსეთი 21 იანვარს ჟენევაში შეთანხმდნენ. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები.

ვაშინგტონში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ დოკუმენტი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან თანამშრომლობით შედგა. მისივე თქმით, წერილის შინაარსი გასაჯაროებული არ იქნება და რუსეთისგან მოელის, რომ მას საიდუმლოდ შეინახავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დუმაში გამოსვლისას დღეს განაცხადა, რომ აშშ-ს მოთხოვნის შემთხვევაში, წერილს არ გაასაჯაროებდნენ.

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ თავის პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით - როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღიაობა ახალი წევრების მიმართ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.


close დახურვა