ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი "სიცრუეს და ცილისწამებას" უწოდებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ტყის მასივი აჩუქეს. ზაალიშვილი ამბობს, რომ თამაზაშვილმა გამჭვირვალე აუქციონში გაიმარჯვა.
ზაალიშვილი აცხადებს, რომ აუქციონი 2021 წლის 17 დეკემბერს გამოცხადდა და "მასში მონაწილეობა ყველას შეეძლო".
"აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა - ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო!
მიუხედავად ამისა, ოპონენტები არ წყვეტენ აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს "ტყის მასივი აჩუქეს".
ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტებისთვის სრულიად გაუგებარია ღია და გამჭვირვალე ელექტრონული აუქციონების პრინციპი, რადგან მათ დროს ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ძალადობა, საკუთრების წართმევა, სხვა პირზე გადაფორმება, იძულება და რეკეტი იყო, თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს სახელით კეთდებოდა!
მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, თქვენი უკანონო მეთოდების სხვისთვის გადაბრალებით ჩვენს ხალხს ვერ მოატყუებთ!". - წერია დავით ზაალიშვილის განცხადებაში, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქგვერდზე გამოცხადდა.
პრემიერმინისტრის ცოლს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა.
ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო. ინტერესი გამოხატა ერთმა ადამიანმა და მანვე, ამავე აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.