logo
ENG



უკრაინაში აშშ-ის საელჩო: უკრაინაში მყოფმა ამერიკელებმა ქვეყნის დატოვება უნდა განიხილონ

30 იან 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/30/pw8nb2gdnf035qo.jpg
unian.info

უკრაინაში რუსეთის აგრესიის საფრთხის პირობებში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. განცხადება კიევში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა

„რუსეთის სამხედრო ქმედებების მზარდი საფრთხის გამო უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის განჭვრეტა კვლავ რთულია და შესაძლოა მოკლე ვადებში მკვეთრად გაუარესდეს.

უკრაინაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა ახლა უნდა განიხილონ ქვეყნის დატოვება კომერციული ან სხვა, კერძოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო გზებით.

ამერიკის იმ მოქალაქეებს, ვისაც უკრაინის სახმელეთო გზით დატოვება სურთ აქვთ რამდენიმე არჩევანი, თუმცა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ დაემორჩილონ ქვეყნების სპეციფიკურ მოთხოვნებს, რაც შესაძლოა საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის წესებისგან განსხვავდებოდეს", - წერია ამერიკის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე მითითებულია ევროპის იმ ქვეყნების სია, სადაც ამერიკის მოქალაქეებს სახმელეთო გზით შეუძლიათ უკრაინიდან გადასვლა.

აშშ-ის საელჩო უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს რეგულარულად შეამოწმონ ადგილობრივი და საერთაშორისო საინფორმაციო გამოცემების ვებგვერდები და ასევე აშშ-ის საელჩოს საიტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ–ის საელჩოდან თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანის ბრძანება გასცა, პირველ რიგში ნაკლებად მნიშვნელოვან თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს გაიყვანენ. 

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, მათ თანამშრომლების გაყვანის გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

 

 

close დახურვა