კომპანია თელმიკო განმარტავს, რატომ მიიღო მოქალაქეებს ნაწილმა ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი.
კომპანიის განცხადებით, ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა.
დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.
თელმიკოში აცხადებენ, რომ დეპოზიტების დარიცხვა მოხდა საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და მხოლოდ იმ მომხმარებელზე, რომელიც სისტემატიურად არღვევს ელექტროენერგიის გადახდის ვადებს.
"თუმცა, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე მომხმარებლების მხრიდან სემეკში მიმართვების გათვალისწინებით, კომპანია თელმიკო აუქმებს დეპოზიტის დარიცხვას ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ თელმიკოს არც აქამდე, და არც მოცემულ მომენტში, აღნიშნული სადეპოზიტო დარიცხვა არ განუხოციელებია, იმ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოწოდებული აქვს კომპანიას მომხმარებლის მხრიდან.
ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს და ამიტომ, შემდგომში ანალოგიური ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მომხმარებელს თხოვნით, არ დაარღვიონ ელექტროენერგიის გადახდის ვადები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge".- წერია განცხადებაში.