სახალხო დამცველმა კერძო სკოლა აიბი-მთიებში მასწავლებლის მიმართ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.
როგორც ომბუდსმენი განმარტავს, ისტორიის მასწავლებელმა ორსულობის შესახებ დირექტორს შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით დროებით სარგებლობა ითხოვა, რამდენიმე დღეში კი აცნობეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად განმცხადებელს მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა, სკოლის წარმომადგენლის მითითებისამებრ, შეწყვიტა გაკვეთილების ჩატარების მიზნით სკოლაში გამოცხადება; ხოლო, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც მასწავლებელმა საკითხის შესწავლის შესახებ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.
"ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს აიბი-მთიების მიერ, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან.
განახლება: სახალხო დამცველის დასკვნის გავრცელების შემდეგ სკოლა აიბი-მთიები საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
სკოლის ინფორმაციით, დირექტორისთვის თანამშრომლის ორსულობის ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ომბუდსმენმა სკოლას შესაბამისი კორესპოდენციით მომართა. ისინი აღნიშნავენ, რომ ისტორიის მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2021 წლის 15 სექტემბრიდან, ორი კვირის მანძილზე უძღვებოდა სასწავლო პროცესს და 2022 წლის 9 თებერვლის ჩათვლით ითვლება სკოლის თანამშრომლად.
"ხსენებულის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაცია წუხილს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არაა ასახული სრულად და შესაბამისად, გამოტანილი დასკვნები არ შეესაბამება რეალობას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულის განცხადების განხილვის პარალელურად აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერაც. ადმინისტრაციული წარმოების დროს სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელდა არაგეგმიური ინსპექტირება სკოლა აიბი-მთიებში, რა დროსაც დათვალიერებულ იქნა სამუშაო სივრცე, გამოთხოვილ იქნა შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ თანამშრომლები, მათ შორის, მიმდინარე პერიოდისთვის დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლები. ინსპექტირების განხორციელების, საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის, დოკუმენტაციის და გასაუბრების შედეგად მიღებული გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, არ იქნა დადასტურებული სკოლა აიბი-მთიებიდან დისკრიმინაციული მოტივით დასაქმებულის გათავისუფლების ფაქტი", - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.