logo
ENG



საფრანგეთი უკრაინაში საერთო პროექტებისთვის დამატებით 1,2 მილიარდ ევროს გამოყოფს

09 თებ 202216:24
3 წუთის საკითხავი
clock 864
საფრანგეთი უკრაინაში საერთო პროექტებისთვის დამატებით 1,2 მილიარდ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი უკრაინას საერთო პროექტებისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის სესხსა და 1 მილიარდი ევროს გარანტიებს აძლევს. საერთო ჯამში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსებზეა საუბარი. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი როსტისლავ შურმა ავრცელებს.

„დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ფინანსური თანამშრომლობის ახალი პროგრამა გამოაცხადა. ევროკავშირისგან უკვე მიღებული 1.2 მილიარდის ოდენობის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან ერთად ფრანგული მხარე პროგრამების დაფინანსებისთვის დამატებით 1,2 მილიარდ ევროს გამოყოფს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

შურმას ინფორმაციით, მთელი თანხიდან 200 მილიონი ევრო უკრაინას სესხის სახით, დანარჩენი 1 მილიარდი ევრო კი ფინანსური გარანტიების სახით გადაეცემათ - რომლითაც უკრაინა ფრანგული ბანკებისგან მისთვის სასარგებლო პირობებით სესხის მიღებას შეძლებს.

იმავდროულად, შურმამ დააკონკრეტა, რომ პროგრამების დაფინანსებით მიღებული თანხები უკრაინისა და საფრანგეთის საერთო პროექტებს მოხმარდება.

„ის მიმართულებები, რომლებისთვისაც ეს ფინანსები გამოყენებული იქნება დამატებით შეთანხმდება ფრანგულ მხარესთან და მოიცავს ფრანგი მიმწოდებლებისა და კონტაქტორების ჩართულობას“ - განაცხადა როსტისლავ შურმამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გუშინ უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.


close დახურვა