logo
ENG



თეთრმა სახლმა კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა

09 თებ 202221:16
3 წუთის საკითხავი
clock 1937
2022/02/09/jkyrwdatu1fc3z9.jpg
CNN

თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 82-ე საჰაერო დივიზიის 1 700-მდე სამხედრო პოლონეთში უკვე ჩავიდა და უახლოეს დღეებში ქვეყნის საზღვრებს შიგნით სტრატეგიულ წერტილებს, კარვებსა და სხვა დროებით აღჭურვილობას განათავსებს.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ შევლენ, ვინაიდან უკრაინიდან პირდაპირი ევაკუაცია ან საჰაერო მისიები არ იგეგმება.

მისია კიევიდან და უკრაინის სხვა ნაწილებიდან პოლონეთში სახმელეთო გზით ჩასული ამერიკის მოქალაქეების პოლონეთიდან გამოყვანაში ლოჯისტიკურ დახმარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა ასევე არ ითვალისწინებს უკრაინიდან პოლონეთამდე მოქალაქეების გადაყვანას. 

The Wall Street Journal იუწყება, რომ ამ დროისთვის უკრაინაში აშშ-ის  დაახლოებით 30 000 მოქალაქეა და რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ზოგიერთი მათგანს ისევე, როგორც ადგილობრივებს, სავარაუდოდ, ქვეყნის სწრაფად დატოვების სურვილი ექნებათ. ამ მისიით კი აშშ ცდილობს თავიდან აიცილოს აგვისტოში ქაბულიდან ევაკუაციისას გაჩენილი პრობლემები.

 

close დახურვა