logo
ENG



კულება: ბორელს ვესაუბრე, ევროკავშირს რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების პაკეტი მზად აქვს

12 თებ 202212:04
3 წუთის საკითხავი
 
კულება: ბორელს ვესაუბრე, ევროკავშირს რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების პაკეტი მზად აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. 

კულებას განცხადებით, ბორელმა უთხრა, რომ ევროკავშირს მზად აქვს მკაცრი სანქციების პაკეტი, რომელსაც გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. 

"ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვართ ამ პოზიციისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნის გამო". - წერს დმიტრო კულება ტვიტერზე. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ელაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს

"სამხედრო დახმარებასთან ერთად, აშშ მზად არის, უკრაინის ეკონომიკას გაძლიერებული მხარდაჭერა გაუწიოს. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: უკრაინა და მისი მეგობრები მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის ჩვენი ქვეყნის დასაცავად". - აცხადებს კულება

11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ. 

აშშ-ის შშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.

***

რამდენიმე თვის წინ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა.

სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს და უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. 

თუმცა, აშშ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 

უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო NATO-ს ქვეყნები უკრაინას სამხედო დახმარებას უწევენ, ამასთან, აძლიერებენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო გემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა შეიარაღების დამატებითი რაოდენობის გაგზავნას გულისხმობს. 

დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს - ფრეგატს აგზავნის, ასევე, ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. ესპანეთი ასევე აგზავნის საბრძოლო გემებს, რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან, ასევე, განიხილავს ბულგარეთში საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს. ნიდერლანდები აპრილში ასევე გაგზავნიან 2 F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭირონ NATO-ს საჰაერო-სამხედრო აქტივობას რეგიონში. ასევე, აგზავნის როგორც გემს, ისე ქვეით დანაყოფებს, რათა შეუერთდნენ NATO-ს საპასუხო რეაგირების ძალებს. ასევე, აშშ-მ ცხადად განახცადა, რომ გეგმავს სამხედრო ყოფნის გაზრდას ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში. 

აშშ-მ კი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბოლო 2 წელიწადში აშშ-მ უკრაინას 650$-ის ღირებულების უსაფრთხოების მხარდაჭერა გაუწია, 2014 წლიდან კი ამ დახმარების 2,7 მილიარდს შეადგენს. 

გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა