უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსული ჯარების გაყვანას მაშინ დაიჯერებს, როცა ამას იხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეესკალაციაზე საუბარი. ინფორმაციას გამოცემა Европейская правда ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციისგან მუდმივად გვესმის სხვადასხვაგვარი განცხადებები, ამიტომ ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: თუ დავინახავთ მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ. თუ ჯარების გაყვანას დავინახავთ, დეესკალაციას დავიჯერებთ“ - განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის დუმა გადაწყვეტს აღიაროს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთი დე ფაქტო და დე იურე გავა მინსკის შეთანხმებიდან. კულება აცხადებს, რომ ამ სცენარის შესახებ უკვე გააფრთხილა დასავლელი პარტნიორები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთსა და სამხრეთში მყოფი სამხედრო დანაყოფები წვრთნების შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით პირვანდელ ბაზებს უბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა დღეს განაცხადა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან".
დღეს, 15 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მასშტაბური წვრთნები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სწავლების დასრულების შემდეგ კი ჯარები, "როგორც ყოველთვის", ერთობლივად დაუბრუნდებიან განლაგების ადგილებს.