logo
ENG



ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტეს

15 თებ 202218:05
3 წუთის საკითხავი
 
ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტეს
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების დეპუტატებმა. 

ხმები ასე გადანაწილდა: მომხრე - 77, წინააღმდეგი - 38. 

მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს. 

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.

პროკურატურა ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


close დახურვა