თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შვილი - სერდარ ბერდიმუჰამედოვი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
11 თებერვალს გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პარლამენტის ზედა პალატაში განაცხადა, რომ მზადაა "ქვეყნის მართვა ახალგაზრდა მმართველებს დაუთმოს" და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების განკარგულება გასცა. არჩევნები 12 მარტს გაიმართება.
მოქმედი პრეზიდენტის შვილი, სერდარი საპრეზიდენტო კანდიდატად დემოკრატიული პარტიის სხდომაზე აირჩიეს. ამჟამად მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა უკავია, მანამდე კი მრეწველობის მინისტრი იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
ბერდიმუჰამედოვი პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს. 2016 წელს პარლამენტმა საპრეზიდენტო ვადაზე შეზღუდვა გააუქმა, ხოლო უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაზარდა.
მიიჩნევა, რომ თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა და მისი დემოკრატიის ინდექსი ჩრდილოეთ კორეის მონაცემებს უტოლდება. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, პოლიტიკურ პარტიებს აკონტროლებს ხელისუფლება. გარდა ამისა, კონტროლდება ინტერნეტიც. სოციალურ ქსელებში კი ბერდიმუჰამედოვი იმით გახდა პოპულარული, რომ მღეროდა და ვიდეორგოლებს წერდა, მათ შორის, 2019 წელს შვილიშვილთან ერთად ჩაწერა სიმღერა საკუთარი ცხენის შესახებ.