რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქში დასახლება, სტანიცა ლუგანსკი საარტილერიო შეიარაღებით დაბომბეს, რა დროსაც ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. გამოცემა Unian ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"განსაკუთრებული ცინიზმით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სტანიცა ლუგანსკი დაბომბეს. მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვი საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, დაბომბვის დროს ბავშვები ბაღში იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, კი დაზიანება ორმა ზრდასრულმა მიიღო.
თავის მხრივ, ლუგანსკელი სეპარატისტები თავდასხმაში კიევს ადანაშაულებენ.
როგორც Reuters წერს, კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი ბრძოლები 2015 წლიდან შეწყდა, თუმცა ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 თებერვალს რუსული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რვაჯერ დაირღვა, აქედან 2 მინისკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით. გარდა ამისა, სამინისტრო ადასტურებს, რომ დაიბომბა სტანიცა ლუგანსკი.
უკრაინის საზღვართან 150 ათასამდე რუსი სამხედროების მობილიზებისა და ომის მოლოდინის ფონზე მსგავსი თავდასხმების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.