ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო აშშ რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ამასთან, სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს შეეხება:
"ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო ვალის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა მოწყვეტილი იქნება დასავლური დაფინანსებისგან. ის ვეღარ მოიზიდავს ფულს დასავლეთიდან და ვეღარ ივაჭრებს თავისი ახალი ვალით ჩვენს ან ევროპის სავაჭრო ბაზარებზე".
ბაიდენის თქმითვე, სანქციები გატარდება რუსული ელიტისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
"ისინი ჩართული არიან კრემლის პოლიტიკის თამაშებში და უნდა გაიზიარონ ტკივილიც", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენი ამბობს, რომ მუშაობენ გერმანიასთან, რათა ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის პროექტმა წინ აღარ წაიწიოს.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში ჯარების დამატებით ნაწილებს გადაისვრის.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ჩვენი მხრიდან მხოლოდ თავდაცვითი ზომებია. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ბრძოლას".
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება.
აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.