logo
ENG



ზელენსკი ბელარუსს: იყოთ ბელარუსი და არა რუსეთი - ამ არჩევანს ახლა აკეთებთ

27 თებ 202212:30
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მოსახლეობას დღეს რუსულ ენაზე მიმართა.

მან მათ დღეს დაგეგმილ რეფერენდუმში სამართლიანი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არ აპირებს იმ ქვეყნის დედაქალაქში მოლაპარაკებებისთვის ჩასვლას, საიდანაც უკრაინას თავს ესხმიან.

ლუკაშენკოს ბელარუსის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა სურს. ამ შესწორების ერთი ნაწილი მისი საპრეზიდენტო ვადის 2035 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. ამასთანავე შესწორება ითვალისწინებს კონსტიტუციის იმ ნაწილის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ბელარუსი ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონადაა მიჩნეული.

ოპოზიციური ძალები მიიჩნევენ რომ ეს შესწორებები ლუკაშენკოს ძალაუფლების გაფართოებასა და ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის დაბრუნებას გულისხმობს.

დღეს, 27 თებერვალს ბელარუსში იმართება რეფერენდუმი, სადაც ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს, უჭერს თუ არა მხარს ამ საკონსტიტუციო შესწორებებს.

უკრაინის პრეზიდენტი სწორედ ამ რეფერენდუმს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში ხალხი წყვეტს მათი ქვეყანა ბელარუსი იქნება თუ რუსეთი. 

ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას სრულად გთავაზობთ:

“დღეს თქვენ ყველას საარჩევნო უბნებისკენ გიხმობენ, რათა მონაწილეობა მიიღოთ რეფერენდუმში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ახლა შეუძლებელია ამაში რამე ჩვეულებრივი იყოს. ახლა  სულ სხვა დონის გადაწყვეტილება მიიღება.

უკრაინისთვის გასული ღამე რთული იყო. ისევ სროლები, ისევ დასახლებული კვარტლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურების დაბომბვა. დღეს ქვეყანაში არ არის არც ერთი, არც ერთი ობიექტი, რომელიც ოკუპანტებმა თავდასხმისთვის დასაშვებ სამიზნედ არ მიიჩნიეს. ისინი იბრძვიან ყველას წინააღმდეგ, ყველა ცოცხალი არსების წინააღმდეგ, საბავშვო ბაღების წინააღმდეგ, საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანების წინააღმდეგაც კი.

ისინი იყენებენ რეაქტიულ არტილერიას, რაკეტებს იმ ქალაქების დასახლებების წინააღმდეგ, სადაც არაა და არც არასდროს ყოფილა არანაირი საბრძოლო ინფრასტრუქტურა.

ვასილკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი ბევრი სხვა უკრაინის ქალაქი ცხოვრობს ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენსა და თქვენს მიწაზე ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. მაგრამ ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს თქვენ და ჩვენ ერთ მხარეს არ ვდგავართ.

რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე უშვებენ რაკეტებს, ჩვენს ტერიტორიაზე კლავენ ჩვენს ბავშვებს, ანადგურებენ ჩვენ სახლებს, ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც ათწლეულების მანძილზე შენდებოდა და სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მამებისა და ბაბუების ხელითაც. და ეს ყველაფერი დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის.

ბელარუს, თქვენ წყვეტთ ვინ ხართ, თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თვალებში თქვენს შვილებს, როგორ შეხედავთ თვალებში ერთმანეთსა და თქვენს მეზობლებს. თქვენი მეზობლები კი ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ თქვენი მეზობლები - უკრაინელები. იყოთ ბელარუსი და არა რუსეთი - ამ არჩევანს თქვენ ზუსტად ახლა აკეთებთ.

ბევრი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინასა და რუსეთს შორის იმ შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა დაამთავროს ეს ომი და ყველას მშვიდობა მოგვიტანოს. ხშირად ახსენებენ თქვენს დედაქალაქს, მინსკსაც, როგორც მოედანს ამ მოლაპარაკებებისთვის. იმ მოედანს, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, და სინამდვილეში არც თქვენ, არამედ რუსეთის ხელისუფლებამ აირჩია და ახლა გვთავაზობს თქვენთან შევხვდეთ.

4 დღის წინ სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან გამოუშვეს ფრთოსანი რაკეტები, თვითმფრინავები ვერტმფრენები, ტექნიკა, თავს დაესხნენ ჩვენს სახლებს, ჩვენს სიცოცხლეს. წამოვიდა მძიმე ტექნიკა. ეს საშიში დეჟა ვუა.

იცით, კიევს თავს დილის 4 საათზე დაესხნენ, დილის 4 საათზე. ვის აქვს ისეთივე იუმორის გრძნობა, როგორც 1941 წელს? თქვენ კი გეძინათ, მოძმე ბელარუსო და ჩვენ გაგვეღვიძა. თქვენ კი ახლაც გძინავთ, ჩვენ კი იმ მომენტიდან უკვე აღარ ვწვებით, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, რადგან ამის სრული უფლება გვაქვს.

თქვენი ტერიტორიიდან რომ არ ყოფილიყო აგრესიული ქმედებები, ჩვენ შევძლებდით მინსკში, თქვენს ქალაქში საუბარს. როცა თქვენ ნეიტრალურები იყავით ჩვენ ვსაუბრობდით კიდეც მინსკში, ხშირად ვხვდებოდით. ასეა სწორი, ასეა სამართლიანი, ზუსტად ასე - მეზობლურად საუბარი.

ახლა კი თქვენ ჯერაც არ გაგიკეთებიათ ყველაზე მთავარი არჩევანი. ის წინაა და მხოლოდ თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული, თქვენგან მოდიოდეს და არა რუსეთიდან, უკრაინიდან, ამერიკიდან, არამედ ბელარუსი ხალხისგან.

ზუსტად ამიტომაა, რომ ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ მინსკში. მოლაპარაკების მოედანი შესაძლოა იყოს სხვა ქალაქები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვსურს შეხვედრა, ჩვენ გვსურს ომის დამთავრება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ ეს ყველაფერი შევთავაზეთ რუსულ მხარეს, ჩვენთვის იმ ქვეყნების ნებისმიერი სხვა ქალაქიც მისაღებია, რომელთა ტერიტორიიდანაც არ მოფრინავს რაკეტები. მხოლოდ ასე შეიძლება იყოს მოლაპარაკებები სამართლიანი და ნამდვილად შეუძლიათ მოლაპარაკებებს, დაასრულონ ომი.

გულწრფელად ვუსურვებ ბელარუსს კვლავ იქცეს იმავე კეთილ, უსაფრთხო ბელარუსად, რომელსაც ყველა ვხედავდით არც ისე დიდი ხნის წინ.

გააკეთეთ სწორი არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თქვენი დიდი ხალხის ყველაზე მთავარი არჩევანია.“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა