ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მთავრობას ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციით საქართველოს "სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის" მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიფინგზერ განაცხადა.
ის აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან სანქციების არდაწესება ან სამხედროების არგაშვება სხვა ქვეყნების შემთხვევაში არ გამხდარა ქვეყნიდან ელჩის გაწვევის მიზეზი.
კობახიძის აზრით, უკრაინის ლიდერების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მცდელობა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილით აიხსნება.
"აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ლიდერებს მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.
აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის გარემოცვაშიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე დაასახელა დავით არახამია, ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, როგორც ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები და უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები, ვისაც უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
"დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.