ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კამპანიაა წამოწყებული, რომელიც მისივე მტკიცებით, "დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა".
"ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს.
წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია", - თქვა კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, კერძო კომპანიები რუს მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და "დისკრიმინაციულ დათქმებს" უწესებენ.
"ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს", - თქვა კობახიძემ.
მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა პრევენციისთვის ყველა ზომა მიიღონ.
"მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს", - აცხადებს ის.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 4 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, "არ დაძაბონ სიტუაცია და არ შემოიღონ შეზღუდვები".
"კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვები მეზობლების მიმართ და მათ ვურჩევდი, არ დაძაბონ სიტუაცია, არ შემოიღონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ყველა ვალდებულებას და მომავალშიც შევასრულებთ. ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ურთიერთობების გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება ყოველთვის წარმოიქმნება რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ", - თქვა პუტინმა.