უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს მიმართავს.
ის რუსეთის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების შერბილებას ეხმაურება - 5 მარტის გადაწყვეტილებით, რუსეთი უფლებას აძლევს 15 ქართულ კომპანიას, რუსეთის ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.
"გამარჯობა, გენაცვალე. მე ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როცა რუსეთის ომი თქვენი მოძმე უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანია, თქვენ გადაწყვიტეთ, ვაჭრობა გააფართოვოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა თქვენც და ჩვენც?
რუსეთის გადაწყვეტილება, შეასუსტოს სანქციები საქართველოს მიმართ, შეიძლება თუ არა იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილების გამო, სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას?
შეიძლება თუ არა, სანქციების მოხსნა 15 ქართული კომპანიისთვის ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ერთობლივ მრავალწლიან ბრძოლად საერთო მისწრაფებებისთვს?
ვერ ხედავთ, რომ ქალაქებსა და სოფლებში ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს? დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები – მტრებს შორის უარესი ის არის, ვინც მეგობარივით გექცევა?
მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის. საქართველო, პირველ რიგში, ამაყი, უშიშარი და თავისუფლების მოყვარული ხალხია. ხალხი, რომელიც არასდროს გაჩუმდება, როცა მათი ძმები საფრთხეში არიან.
და თქვენ, პატივცემულო პარლამენტარებო, არ უნდა გაჩუმდეთ, რადგან თქვენ თქვენი ხალხის ნაწილი ხართ". - ამბობს სტეფანჩუკი.
რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.
გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.