ავიაკომპანია Georgian Airways ამტკიცებს, რომ მათ საიტზე საგადახდო სისტემების კომპანია Мир-ის ლოგო სხვა კომპანიამ "დაუკითხავად" განათავსა.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ლოგო საიტზე Websky.net-მა განათავსა, რომელიც ავიაბილეთებს ყიდის. მათივე თქმით, საიტიდან Мир-ის ლოგოს მოშლა 3 მარტს სთხოვეს.
"ვებსკაინეტს აქვს მითითებული თავის საიტზე და 3 მარტს გვაქვს მიწერილი მათთვის, რომ გთხოვთ, Мир-ის ლოგო მოხსნათ, ვინაიდან ჩვენ არ ვახორციელებთ ამ სისტემით [გადახდას]. [დაუკითხავად მოხდა] საიტზე ლოგოს განთავსება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, Georgian Airways-ს Мир-ის მეშვეობით ბილეთები "არ გაუყიდია, არ ყიდის და არც აპირებს გაყიდვას".
Georgian Airways-ის საიტზე ჩანს, რომ Мир-ით თანხის გადახდაა შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით გუშინ, 8 მარტს კომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "მას აინტერესებს, ბილეთი გაყიდოს, რით - ეგ არ ადარდებს".
"თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს", - თქვა მან.
დღეს, 9 მარტს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ Мир თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით, შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.