საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პროდუქტების დეფიციტი არ იქნება, რადგან ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, სხვა ქვეყნებით ჩანაცვლდება.
"როდესაც შაქრის შეძენის პანიკური პროცესი დაიწყო, კომპლექსური მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს. გვახსოვს პანდემიის პირველი დღეები, ზუსტად ანალოგიური მოხდა. დღევანდელი მონაცემებით, შაქარზე 3-ჯერ უფრო მეტია მოთხოვნა საცალო ობიექტებიდან, მაშინ, როდესაც შაქრით დატვირთული რამდენიმე ათეული ვაგონი და მრავალი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საზღვრებთანაა და უახლოეს დღეებში უნდა შემოვიდეს". - თქვა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინას ფიზიკურად აქვს შეზღუდული ექსპორტის საშუალება, ბევრი საწარმო გაჩერებულია და შიდა სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ აკრძალეს გარკვეული პროდუქტების ექსპორტი.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ლოჯისტიკურად ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან წვდომაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ექსპორტი აკრძალული არ არის, მაგრამ იმ შემთვევაში, თუ რუსული ხორბალი ქვეყანაში აღარ შემოვა, ყაზახეთი უპირობო ალტერნატივა იქნება.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთიდან გარკვეული სამრეწველო პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა და ეს ჩინური და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციით ჩანაცვლდება.