logo
ENG



ზურაბიშვილი: ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს

14 მარ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს

პარლამენტში სიტვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიცია და ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ "პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!"

მისი თქმით, უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს; ოპოზიცია კი თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.

"ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.

ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა  უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. 

ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად  განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით.

 სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!" - თქვა პრეზიდენტმა პარლამენტში. 

მან, ასევე ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ ბრიუსელში, კიევსა თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და "ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას!"

"ეს ხომ ქვეყნის  და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება.

ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას  არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!

ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა "დროა" კეტჩუპის და ფქვილის? ეს "სირცხვილია"!

ოპოზიცია სცოდავს, როცა  რადიკალურ ზომებზე  აპელირებს და ამითი ცდილობს,  მთავრობის შერყევას,  ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს  ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 


close დახურვა