სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, დააბრუნოს უკრაინის ელჩი საქართველოში.
"კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი 1-ლ მარტს გაიწვია. მიზეზად მოხალისე ჯარისკაცებისთვის უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებების შექმნა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არშეერთებაზე "ამორალური პოზიცია" დაასახელა.