logo
ENG



წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა

14 მარ 202218:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/14/86pnfd49qvyh8ep.jpeg

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სამინისტროს ინფორმაციით, აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები. მათი განცხადებით, ჩხეიძის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა.

სამინისტროს განცხადება:

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის" დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით".

მათივე თქმით, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე განახორციელებს.


close დახურვა