logo
ENG



"უკრაინული მოდელი უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიებით" - რას ამბობს უკრაინა ნეიტრალიტეტზე

16 მარ 202215:39
3 წუთის საკითხავი
 
"უკრაინული მოდელი უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიებით" - რას ამბობს უკრაინა ნეიტრალიტეტზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა უსაფრთხოების აუცილებელ გარანტიებს ნეიტრალიტეტის არა ავსტრიული ან შვედური, არამედ სპეციალური უკრაინული მოდელით ითხოვს. 

მანამდე უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევმა ავსტრიული ან შვედური ნეიტრალიტეტის მეთოდით დემილიტარიზაციის წინადადება დააყენა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კი განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ ვერსიას, რასაც სამართლებრივი ძალა ექნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინას მხარდაჭერებისგან ასევე სჭირდება გარანტია, რომ ისინი კონფლიქტში უკრაინის მხარეს იბრძოლებენ და საჭირო რაოდენობის იარაღს მიაწვდიან.

პრეზიდენტის მრჩეველი ასევე ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება ცის დახურვის გარანტიებიც.

„უკრაინა ახლა რუსეთთან პირდაპირი ომის მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს მოდელი მხოლოდ უკრაინული შეიძლება იყოს და მხოლოდ სამართლებრივად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიებით. არა სხვა მოდელი ან ვარიანტი.

რას ნიშნავს ეს? უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს, ეფექტურს და არა პროტოკოლურს ან „ბუდაპეშტურს“. ეს იმას გულისხმობს, რომ ამ გარანტიებზე ხელის მომწერები, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გვერდზე არ გადგებიან ისე, როგორც დღეს. არამედ ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას კონფლიქტში უკრაინის მხარეს და ოფიციალურად მოგვაწვდიან მყისიერ მარაგებს, საჭირო რაოდენობის იარაღით.

მეორე, უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ნებას რთავენ ან არ რთავენ ცის დაკეტვას იმავე [რუსეთის] ფრთოსან რაკეტებს. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი და მყარი გარანტიები, რომ ცა დაიხურება.

მე დავამატებ, რომ უკრაინა, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, არასდროს ყოფილა სამხედრო სახელმწიფო, რომელიც თავს ესხმის ან გეგმავს მეზობელზე თავდასხმას. ამიტომაცაა, რომ უკრაინას უნდა ჰყავდეს ძლიერი მოკავშირეები მკაფიოდ განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიებით." - განაცხადა მიხაიოლო პოდოლიაკმა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მანამდე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს ახლა, მას შემდეგ, რაც უკრაინის კონსტიტუციის პრეამბულაში გამოხატულია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების სურვილი. იმავდროულად კიევის ცნობით, როცა უკრაინა მიიღებს ნეიტრალურ სტატუსს მან უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიებიც.

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გუშინ დაიწყო. 


close დახურვა