logo
ENG



მთავარი არხის ჟურნალისტის თქმით, ზუგდიდში ალტ-ინფოს 15-მდე წევრი გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

18 მარ 202200:25
3 წუთის საკითხავი
 
მთავარი არხის ჟურნალისტის თქმით, ზუგდიდში ალტ-ინფოს 15-მდე წევრი გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა
მთავარი არხი

მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ცნობით, ზუგდიდში მას და მის ოპერატორს ალტ-ინფოს 15-მდე წევრი ფიზიკურად გაუსწორდა.

მთავარ არხთან ჩართვისას ჟურნალისტი ყვება, რომ გადაიღეს, როგორ ასუფთავებდნენ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უკრაინის დროშის ფერებში შეღებილ ალტ-ინფოს ოფისის შესასვლელს.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მათთან მივიდა კასტეტებით შეიარაღებული 15-მდე პირი, სცემეს ოპერატორს და დააზიანეს კამერა.

"მათი სამიზნე იყო კამერა. ისინი ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომ დაემტვრიათ აპარატურა და გაეტაცებინათ კამერა.

კამერა სამიზნე იმიტომ გახდა, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ ალტ-ინფოს ოფისზე დახატულ უკრაინის დროშას ზუგდიდის მერიას დაქვემდებარებული თანამშრომლები ასუფთავებდნენ სასწრაფო წესით, მოტანილი ჰქონდათ სპეციალური სითხეები.

ჩვენ შეკითხვა გვქონდა თუ რატომ ასუფთავებდნენ ოფისს და ამ შეკითხვის შემდეგ გაიქცნენ. რამდენიმე წუთში ორგანიზებულად მოვიდა 15-მდე პირი, რომლებიც "კასტეტებით" იყვნენ შეიარაღებული, უმოწყალოდ სცემეს ოპერატორს, ჩემზეც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, დამტვრეულია აპარატურა", - ყვება ჟურნალისტი ემა გოგოხია.

მისივე ცნობით, დაკავებულია რამდენიმე თავდამსხმელი, ნაცემი ოპერატორი კი გადაყვანილია პოლიციაში გამოკითხვაზე. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ თემაზე კომენტარს რამდენიმე წუთში გაავრცელებენ. 

 


close დახურვა