logo
ENG



ხვიჩა კვარაცხელია რუბინს დაემშვიდობა

21 მარ 202219:49
3 წუთის საკითხავი
clock 3222
2022/03/21/679xfv69m6mdbnx.png

 საქართველოს ნაკრებს მარტის ამხანაგური თამაშებისთვის ხვიჩა კვარაცხელია ისევ ყაზანის რუბინის ფეხბურთელის სტატუსით შეუერთდა, თუმცა, ბოლო პერიოდში არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ქართველი შემტევი რუსულ კლუბს დატოვებს.

 სანაკრებო პაუზამდე რუბინმა ბოლო თამაში მოსკოვის ცსკა-სთან გამართა, რომელშიც გუნდს ხვიჩამ უკაპიტნა. რუსულ მედიაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რუსული Match Tv-ის ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიასთვის კაპიტნის სამკლაურის გადაბარებაში სიმბოლური ჟესტები ამოიკითხეს. მათი აზრით, ყაზანურ გუნდში ეს მისი ბოლო თამაში იყო, კლუბმა კი გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადახდა ასე გადაწყვიტა. 

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში FIFA-მ რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესა და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს საკუთარ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა.

ყაზანის რუბინი უკვე დატოვეს ხორვატმა ფილიკ ურემოვიჩმა, დანიელმა ანდერს დრეიერმა და მონტენეგროელმა სეად ხაკშაბანოვიჩმა. აჭარასპორტმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა ამ ლეგიონერებს აუცილებლად შეუერთდება.

რუბინის ოფიციალურ პლატფორმებზე ჯერ-ჯერობით დუმილია.ეს დუმილი კი ნაწილობრივ მხოლოდ კლუბის ფოტოგრაფმა დააღვია ინსტაგრამის საშუალებით; მან სთორიში გამოაქვეყნა ხვიჩას ფოტოები ბოლო თამაშიდან, წარწერით: Last Look, რაც შესაძლოა ფეხბურთელთან გამომშვიდობებასაც ნიშნავდეს.

 საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს 24 მარტს ბოსნია & ჰერცოგოვინასთან, 29 მარტს კი ალბანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ფეხბურთელები საკუთარ კლუბებში დაბრუნდებიან. სავარაუდოდ, ტრანსფერის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლების ევროპულ კლუბებთან მუშაობა სწორედ ამ დროს დაიწყება.

 რამდენიმე იტალიური წყარო 21 წლის ქართველს ყველაზე აქტიურად იტალიურ ნაპოლის უკავშირებს, რომელიც მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.


 Tutto Mercato-ს იტალიელი ჟურნალისტი, ალესიო ალაიმო ამტკიცებს, რომ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ხვიჩას გუნდის კაპიტნისა და ლიდერის, ლორენცო ინსინიეს, შემცვლელად მოიაზრებენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ინსინიე ზაფხულში მშობლიურ კლუბს დატოვებს და კარიერას ატლანტის ოკეანის გაღმა, ტორონტოში გააგრძელებს.


close დახურვა