NATO-ს ლიდერები დღეს გამართულ სამიტზე, სავარაუდოდ 4 დამატებითი სამხედრო დანაყოფის 4 ქვეყანაში: უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯული სმიტი ავრცელებს.
ჯული სმიტი აცხადებს, რომ ალიანსი ასევე განიხილავს მის აღმოსავლეთ საზღვართან ძალების გახანგრძლივებული დროით მობილიზებასაც. მისი თქმით, დამატებითი დეტალები დღეს, სამიტის შემდეგ გახდება ცნობილი.
სმიტი აცხადებს, რომ რეგიონში ალიანსი საკუთარი სამხედრო ძალების პოზიციებს მუდმივად აკვირდება და აფასებს. მისი თქმით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ალიანსი NATO-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტის ფონზე და როგორ განათავსებს ძალებს გრძელვადიანი პერიოდით.
აღსანიშნავია, რომ NATO-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტი 1997წელს გაფორმდა და მხარეებს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას გულისხმობდა, როგორიც მშვიდობის დაცვა, შეიარაღების კონტროლი, ტერორიზმთან ბრძოლაა. ალიანსის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი შეთანხმება არაერთხელ დაარღვია.
აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ახლა ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის ალიანსის ჯარების მუდმივი განთავსებაც.
სმიტის თქმით, პოლონეთის შემოთავაზება NATO-ს სამშვიდობო მისიის შესახებ ასევე შესაძლებელია, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და ალიანსი ამ შესაძლებლობის შესახებ დამატებით დეტალებს სამიტის ფარგლებში პოლონეთისგან მოისმენს.