logo
ENG



მედიაზონა: შოიგუ 24 მარტის უსაფრთხოების საბჭოზე არ იმყოფებოდა და ის ვიდეოში ჩაამონტაჟეს

25 მარ 202208:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/cjta0sccn6l9o60.png

მედიაზონას ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც საზოგადოებაში 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა, 24 მარტის უსაფრთხოების საბჭოზე სინამდვილეში არ იმყოფებოდა და ის პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩაამონტაჟეს

მედიაზონამ სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ვიდეო შეისწავლა და განმარტა, თუ რატომ აქვთ ეჭვი, რომ შოიგუ რეალურად 24 მარტის სხდომას არ ესწრებოდა. 

მედიაზონაში ამბობენ, რომ პირველ რიგში ვიდეოში, შოიგუს ტანსაცმელი იდენტურია იმისა, რაც 3 და 11 მარტის სხდომებზე ეცვა, აგრეთვე უცვლელია მისი ფონიც. გარდა ამისა, სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ვიდეო არის უხმო, რაც ასევე აჩენს ეჭვს, რომ ის დამონტაჟებულია და მასში ძველი სხდომის კადრია გამოყენებული - წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრის დაწყებისას გადაღებულ ვიდეოს ხმა ექნებოდა.

3 მარტის სხდომა

11 მარტის სხდომა

მედიაზონაში აცხადებენ იმასაც, რომ გავრცელებულ მოკლე ვიდეოში, შოიგუს კამერის ხარვეზზე ყურადღება განგებ გაამახვილეს. 

"პროპაგანდისტული России 1-ის ეთერში, უსაფრთხოების საბჭოს სხდომიდან გაუშვეს მხოლოდ ის კადრები, სადაც ჩანს, რომ შოიგუს კამერას გარკვეული ხარვეზები აქვს. ასევე საკადრო და შენელებული ყურებისას ჩანს, რომ კამერა ჩართულია, თუმცა მინისტრ შოიგუზე კადრი უცებ გადადის. ასევე ჩნდება ეჭვი, რომ შოიგუს კამერის პრობლემები სპეციალურად აჩვენეს, რათა სხდომაზე მის დასწრებაზე გაემახვილებინათ ყურადღება. ვინც მონტაჟით და პროდაქშენით არის დაკავებული, მათ იციან, რომ სტატიკური კადრის დროს ადამიანის ჩამონტაჟება ყველაზე მარტივია. 

გარდა ამისა, 3 და 11 მარტის სხდომებზე შოიგუ ნამდვილად ჩანს, ვიდეოს აქვს ხმაც და ის ფართო რაკურსითაც არის ნაჩვენები.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს, ის შედგება 2.5 კადრისგან. პირველი კადრი არის საერთო, სადაც ჩანს ვლადიმერ პუტინი და მონიტორზე საბჭოს სხვა წევრები, "დახარვეზებულ" შოიგუსთან ერთად, მეორე კადრში მხოლოდ პუტინია, ხოლო მესამეში ისევ საერთო ხედია, სადაც შოიგუს კამერა ისევ ჩაბნელებულია", - წერენ მედიაზონაში

24 მარტს რუსეთში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიების ცნობით თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრებოდა. მედიებმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნეს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოიგუ 11 მარტის შემდეგ გაუჩინრდა

 


close დახურვა