logo
ENG



კობახიძე: ენმ-ის ვიზიტის შემდეგ უკრაინამ დაიწყო საუბარი ომის საქართველოში გადმოტანაზე

28 მარ 202214:33
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინა, ნაციონალური მოძრაობის სტუმრობის შემდეგ, ომის მეორე ფრონტსა და მის საქართველოში გადმოტანაზე ალაპარაკდა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის შეფასებით, "ამის მკაფიო მაგალითი იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება" - უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, დანილოვმა თქვა, რომ "უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, თუ გაიხსნება მე-2 ფრონტები ისეთ ტერიტორიაზე, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას". 

კობახიძის განცხადებით, "ენმ-ის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ". 

"რამდენიმე დღის წინ შედგა ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა "წარმატებით" ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი უკრაინაში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. 

ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ ენმ-ის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება მოწოდება რუსეთისთვის მუდმივი მოწოდებები ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ. 

ამავე მიზანს ემსახურებოდა უმძიმესი პროვოკაციული მცდელობა, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში გამგზავრებულიყო მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი. 

ამავე მიზანს ემსახურებოდა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, მოწოდებები ხელისუფლების მიმართ იარაღის შეძენისკენ, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ამასთან დაკავშირებით. 

სამხედრო სტატუსის შესახებ თემის სპეკულაციური წამოწევა, მოწოდებები ხელისუფლების მიერ უხეში რიტორიკის გამოყენებისკენ და ა.შ". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც "ომის პარტიის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი იყო, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად". 

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად.

ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ.

თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სათანადო პასუხს გასცემს "ომის პარტიის" ყველა პროვოკაციას და არ დაუშვებს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა