ჭიათურაში, სოფელ ითხვისის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ რაიონში მანგანუმის მოპოვების გამო სოფელში სახლები და გზები ინგრევა.
ითხვისში ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის და, გულო ივანიშვილი. ფორმულასთან საუბრისას ის ამბობს, რომ თანასოფლელების პროტესტს არ უერთდება და აღნიშნული პრობლემა არ აწუხებს.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს სოფელში არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაზეც ივანიშვილის დამ უპასუხა: "ჩემთან არაფერი ეკოლოგიური კატასტროფა არ არის, სადაც არის, იქ წაბრძანდით და გაარკვიეთ".
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ათობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ისინი ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ.
"რა გავაკეთო, ან ვინ დამეხმარება, ან როგორ უნდა დამეხმარონ ? რას იზამენ? გამიმთელებენ [სახლს] ? გუშინ წავიყვანე მამაჩემი... დაემხო სახლი თავზე, ავდექი და წავიყვანე, რაღა მექნა? " - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.