logo
ENG



ზელენსკი ავსტრალიას: მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ერთად მეტი უნდა გავაკეთოთ

31 მარ 202216:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/5weczb8coe4gran.jpg
Martin Ollman / Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ავსტრალიას გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის ენერგორესურსების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა რომ მეტის გაკეთებაა საჭირო.

მან ავსტრალიას რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის დახმარებისკენ მოუწოდა. 

„მე მადლიერი ვარ ავსტრალიის ოკუპანტების წინააღმდეგ  ჩვენი თავდაცვის ორპარტიული მხარდაჭერისთვის. მადლიერი ვარ იმ დახმარებისთვის, რაც თქვენმა სახელმწიფომ უკვე მოგვცა, კონკრეტულად ჩვენი ენერგო საჭიროებებისთვის 70 ათასი ტონა ქვანახშირისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც მეტი.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის პარლამენტისადმი მიმართვისას.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2014 წელს რუსეთის დაუსჯელობამ გამოიწვია 2022 წელს უკრაინაში სასტიკი შეჭრა. ზელენსკის თქმით ესაა ის შეცდომა, რომელიც მსოფლიომ უნდა გამოასწოროს.

„ხშირად ამბობენ, რომ დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება. მე დავამატებდი: დაუსჯელი ბოროტება გაზრდილი ბრუნდება, ყოვლისშემძლეობის შეგრძნებით. სამყაროს რომ რუსეთი იმისთვის დაესაჯა, რაც 2014 წელს ჩაიდინა, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის საშინელებები არ მოხდებოდა. ჩვენ ეს საშინელი შეცდომები ახლა უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ავსტრალიამ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 25 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტაქტიკურ სატყუარებს, უპილოტო საჰაერო და სახმელეთო სისტემებს, რაციონებსა და სამედიცინო მარაგებს.

მანამდე კი ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა ზელენსკის "დემოკრატიის ლომი" უწოდა და უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა.

„ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ ბატონო პრეზიდენტო და ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მოსკოვის ომის დანაშაულებს. მე ვიცნობ იმ კაცს. თქვენც იცნობთ იმ კაცს. ჩვენ ვიცნობთ იმ კაცს და ჩვენ ვიცით მისი რეჟიმის შესახებ. ჩვენ ვნახეთ როგორ გააჩაღეს მათ ენითაღუწერელი საშინელება თქვენი ბავშვების, საავადმყოფოებისა და თავშესაფრების წინააღმდეგ“ - განაცხადა მორისონმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ სანქციები უკვე დაუწესა 500-ზე მეტ რუს ინდივიდსა და კომპანიას, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქებს და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს.

ავსტრალიამ ომის მიმდინარეობისას უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და ასევე განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთში ალუმინის ექსპორტს. ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ავსტრალიისგან ალუმინის 20%-ს იღებს.


close დახურვა