The New York Times-მა სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების ანალიზი გამოაქვეყნა, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთმა ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე იცრუა, როცა მომხდარზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუჩაში ადამიანების ცხედრები, მას შემდეგ წაიღეს, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ "ეს იყო დადგმული უკრაინელი რადიკალების მიერ" და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.
თუმცა, სატელიტური ფოტოების გაანალიზების შემდეგ, The New York Times დაადგინა, რომ ადამიანების უმეტესობა ბუჩაში 3 კვირაზე მეტი ხნის წინ იყო მოკლული, იმ პერიოდში ქალაქს რუსეთი აკონტროლებდა.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ადგილობრივი ჩინოსნის მიერ 2 აპრილსაა გადაღებული, იაბლონის ქუჩაზე უამრავი ადამიანის ცხედარი ჩანს. სატელიტური ფოტოების მიხედვით, რომელიც The Times-ს Maxar Technologies-მა მიაწოდა, დგინდება, რომ ამ ქუჩაზე 11 მარტს სულ მცირე 11 ადამიანი იმყოფებოდა - ზუსტად მაშინ, ქალაქი რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული და ეს თავად რუსეთმა განაცხადა.
The Times-ის ჯგუფმა ერთმანეთს დაადარა სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები. ფოტოებში ჩანს, მუქი ობიექტები, რომლებიც ადამიანების სხეულების ზომისაა და ისინი იაბლონის ქუჩაზე 9-11 მარტის მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ. შემდგომში უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქზე კონტროლის დაბრუნების მერე, ცხედრები ზუსტად იმ ლოკაციებზე ადგილებში იპოვეს, რაც 2 აპრილის ვიდეოთი დასტურდება. მოკვლის ფორმა უცნობია. ცხედრების ნაწილი სავარაუდო აფეთქების მახლობლად იპოვეს, სხვები მიტოვებულ მანქანებთან იპოვეს. 3 ცხედარი ველოსიპედთან ნახეს. მოკლული ადამიანების ნაწილს ხელები ზურგს უკან, თეთრი ნაჭრით ჰქონდათ შეკრული.
სატელიტით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მიტოვებული მანქანები და მათ მახლობლად ცხედრები ადგილზე 20-21 მარტს გაჩნდა.