logo
ENG



საპატრიარქო ბუჩაზე: ომის სასტიკი "კანონების" მიუხედავად, ასეთი სიმძიმე ძნელი წარმოსადგენია

05 აპრ 202212:24
3 წუთის საკითხავი
clock 1011
2022/04/05/9d0df62shj5hl67.jpg

საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის გამო. საპატრიარქოს განცხადებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

"მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას.

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის.

დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!" - წერია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.


close დახურვა