წყნეთში, 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, დეტექტივს "დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა".
"საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში.